პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილს დაიწყება

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარე, გადადგომის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან, გადამდგარად ითვლება. მის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის წესი ასეთია:

1. პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.

3. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ, პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.

4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის, ყოველი კენჭისყრის წინ.

5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

6. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.

8. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

9. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

10. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.