საქართველოში, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში Astrazeneca-ს მეორე დოზით აცრაზე გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მიიღებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება ახალი მტკიცებულებები ვაქცინასთან დაკავშირებით.
,,Astrazeneca-ს გაურკვეველი ბედი ჰქონდა თავიდანვე, რაც გამოვიდა ბაზარზე. არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, არც ევროპის წამლის სააგენტოს არაფერი არ უთქვამს აცრის ასაკზე. ითქვა, რომ შესაძლოა, რაღაც რისკები არსებობს, მაგრამ რისკი განუზომლად დაბალია სარგებელთან შედარებით. შესაბამისად, რამდენიმე ქვეყანამ ასაკობრივი შეზღუდვა შემოიღო.
რაც შეეხება Astrazeneca-ს მეორე დოზას, ძალიან ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ თუ პირველ დოზაზე არაფერი იყო, მეორე დოზა პრობლემა არ არის. ამიტომ, ვინც უფრო ახალგაზრდა ასაკში მიიღო, შეუძლია ისევ მიიღოს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით ერთი ქვეყანაა, რომელმაც თქვა, არა, მეორეზე სხვა ვაქცინით უნდა აიცრა. ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი ორი კვირა, ვიდრე მეორე ტური დაიწყება Astrazeneca-ს, დავაკვირდებით, რა სამეცნიერო მტკიცებულებები გამოქვეყნდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა იმნაძემ