ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი სეზონური გრიპივით შეიძლება გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსზე აცრა შესაძლოა გრიპის მსგავსად, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

„გამოჩნდა უკვე შრომები, თუ რამდენხნიანი ეფექტი აქვს იგივე „ფაიზერის“ ვაქცინას, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, ჩინურ, რუსულ ვაქცინებს და ა.შ. ამ ტიპის დაკვირვებები ჯერ ძალიან ცოტაა, თუმცა „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საჭირო იქნება ე.წ. ბუსტერ დოზები, 6-დან 12 თვის განმავლობაში.

ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ შესაძლებელია ვირუსი გახდეს ე.წ. სეზონური ვირუსივით, გრიპის მსგავსი, როცა ყოველ წელს საჭიროა ერთი ინექციის გაკეთება. ამაზე მთელი კომპანიები და სამეცნიერო საზოგადოება მუშაობს და დღეს ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არის. ამასთან, თუ დღეს ორჯერადად ხართ აცრილი „ასტრაზენეკათი“ 6-8 თვის შემდეგ შეგიძლიათ სხვა ვაქცინით აიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.