სუსი: 2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო

2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ხუთ საქმეზე.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ალექსი ბატიაშვილის თქმით, დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენისა და არეულობის შექმნის მცდელობები, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს.

„ამასთანავე, გასულ წელს აღნიშნული დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა საგამოძიებო უწყებებში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ საქმეზე. ამავე დროს, ცალკეული ქვეყნები, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობებს.

საქართველოს თავდაცვის სისტემების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში, აღნიშნული აქტორების განსაკუთრებული დაინტერესების საგანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობები. 2020 წელს უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.