რუსეთმა უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთმა მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მან 30 აპრილს, დღის ბოლომდე უნდა დატოვოს ქვეყანა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე შეატყობინა.

როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი დიპლომატის გაძევება "უკრაინული მხარის არამეგობრული ქმედებით" ახსნა, უფრო კონკრეტულად კი - 19 აპრილს რუსი დიპლომატის უკრაინიდან გაძევებით.

"უკრაინის არაკეთილსინდისიერი ქმედებების შემდეგ, როდესაც კიევში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი 19 აპრილს პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, და დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი მოქმედებების საპასუხო პრინციპის საფუძველზე, რუსეთში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ -გრატად გამოცხადდა. მან რუსეთი 30 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვოს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე გააფრთხილეს, რომ უკრაინაში რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო მისიების თანამშრომლების მიმართ მტრული მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ორმხრივობის საფუძველზე, რუსეთში დამატებითი ზომები მიიღება უკრაინის საელჩოების, გენერალური საკონსულოებისა და საკონსულოების პერსონალის წინააღმდეგ.