ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია 2 ნოემბერს საარჩევნო კომისიებიდან თავის წევრებს გამოიწვევს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან კომისიის წევრებს მიმართა, არ მოაწერონ ხელი გაყალბებულ ოქმებს.
"ახლა მიმდინარეობს ოცნების მიერ სრულად გაყალბებული არჩევნების შედეგების გაფორმების მცდელობა. კომიისის წევრებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ სრულად გაყალბებულ ოქმებს, ეს არის დაცინვა საზოგადოების. ჩვენ მივეცით ინსტრუქცია ჩვენს წევრებს, ხელი არ მოაწერონ არც ერთ მსგავს ოქმს ზეწოლის და მუქარის შემთხვევებშიც. ხვალიდან ოფიციალურად გამოვიწვევთ კომისიის წევრებს, ეს არის სწორი გადაწყვეტილება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიისთვისაც" - განაცხადა სამადაშვილმა.
ენმ-ის ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მიიყვანოს ბოლომდე "მასზე დაკისრებული მისია" და ქვეყანა დასავლური განვითარების გზას საბოლოოდ ჩამოაშოროს.
"არავის ეგონოს, რომ გუშინდელი გაყალბება მოხდა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, არა, ეს არის არჩევნები, რომელიც გაყალბდა სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოოდ გზის ჩასაკეტად დასავლეთისკენ.
მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ გრძელი რიგებისა და გართულებული გარემოს მიუხედავად, მაინც მივიდა არჩევნებზე, თუ თქვენ ხმა მიეცით ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებას, თქვენ გუშინ გითხრეს, რომ თქვენი ხმა არავის აინტერესებს, ხართ უუფლებო ადამიანები, თქვენი ღირსება ფეხქვეშ გათელა თამარ ჟვანიამ. თქვენ გითხრეს, რომ ხართ არარაობები და არავინ გეკითხებათ სახელმწიფოს მომავალს" - განაცხადა სამადაშვილმა.
ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა მოუწოდა მოქალაქეებს, 16:00-ზე პარლამენტთან მივიდნენ.
"ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ღირსება, არც ერთი მოქალაქე, ვისაც აქვს საკუთარი თავის პატივისცემა, ამას არ მოითმენს და არ შეარჩენს ივანიშვილს" - ამბობს სამადაშვილი.
ოპოზივიონერის თქმით, მათ უკვე აცნობეს თავიანთი პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, მოითხოვეს შეხვედრა დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
"მაგრამ მათაც, მათ შორის, უნდა გაიგონ თქვენი ხმა, ამიტომ, მოდით 4 საათზე პარლამენტთან" - მიმართა სამადაშვილმა ამომრჩეველს.