"ოპოზიცია ხვალ დარეგისტრირდება პარლამენტში, შედეგად, გადაიდგმება ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე კონსულტაციები გაგრძელდება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საკითხები, რომლებზეც დავაახლოვეთ პოზიციები და ვფიქრობ, რომ სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ეს ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს მათ, ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და, შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც მიიღეს მსგავსი დაზიანება. ამიტომ, მინდა გასაგებად ვთქვა, რომ ამ ამნისტიის შედეგად ადამიანების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცული. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიციაც.
რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება, ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შედეგად გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე გაგრძელდება ხვალ კონსულტაციები. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას აზრს. გვექნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", – განაცხადა სამადაშვილმა.