შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას, TheGuardian-ი ავრცელებს.
"ვაქცინების ძლიერი პორტფელის გათვალისწინებით, რომელიც აშშ-ს უკვე აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ნებადართული არ არის აშშ-ში, შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ არ დაგვჭირდება მისი გამოყენება. ამიტომ აშშ ეძებს AstraZeneca-ს დოზების სხვა ქვეყნებთან გაზიარების გზებს", - განაცხადა თეთრი სახლის Covid-19 კოორდინატორმა ჯეფ ზიენტმა.
ამავდროულად, თეთრი სახლის მრჩეველმა, ენდი სლავიტმა განაცხადა, რომ, როგორც კი ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდება, აშშ მათ იმ ქვეყნებს გაუზიარებს, რომლებსაც ვაქცინების საკმარისი დოზები არ აქვთ.
ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინა ავტორიზებულია მთელს მსოფლიოში, მაგრამ ჯერ არ არის აშშ-ში.
როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა აღნიშნული გადაწყვეტილება ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესების ფონზე მიიღო.