ნანა გეგეჭკორი: ადამიანები იღუპებიან, გართობის წუთები არ ღირს სხვების სიცოცხლედ, გამოსავალი ჩვენს გონიერებაშია

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ ჩაკეტვა და კომენდანტის საათი გამოსავალი არ არის და მოქალაქეების პასუხისმგებლიან ქცევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ „ვერ გაამართლებენ ჩინოვნიკები უგუნურ რეგულაციებს, თუ ჩვენ თვითონ არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ“.

„სადაც ინდოეთზე ვდარდობთ, ჩვენი თავიც ვიდარდოთ იქნებ, გვაქვს სადარდებელი სამწუხაროდ. ინდოეთი: მილიონ მოსახლეზე 142 covid19-ით გამოწვეული სიკვდილი. საქართველო: მილიონ მოსახლეზე 1015 COVID19-ით გამოწვეული სიკვდილი.

ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს ჩემი სიცოცხლე, ვერ ვივლიდი ხალხმრავალ გართობებზე თამამად და დაუცველად. ნიშნისმოგებით არ ვამბობ და ნუ დამესხმებით თავს. გულწრფელად მტკივა გული იმის გამო, რასაც ყოველდღე ვუყურებ.

ჩაკეტვა და კომენდანტის საათი გამოსავალი არაა. გამოსავალი ჩვენს გონიერებასა და პასუხისმგებლობაშია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხე რეალურია, რომ ამ დაავადებით ადამიანები მართლა კვდებიან და რომ არცერთი ჩვენგანის გართობის წუთები არ ღირს სხვების სიცოცხლედ.

„ადამიანები მანამდეც კვდებოდნენ“ - უკიდურესად არაჰუმანური განცხადებაა. დიახ, მანამდეც არსებობდა სიკვდილი, მაგრამ უამრავ ადამიანს COVID19-მა ჯანმრთელი ცხოვრების წლები წაართვა... არ გვაქვს უფლება, უპასუხისმგებლოდ მოვეკიდოთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დავიღალეთ ახალი ცხოვრების წესით. ჩვენივე ხელშია, რამდენ დროს გავატარებთ კარანტინებსა თუ პირბადეებში გამომწყვდეულები.

ერთადერთი გამოსავალი პრობლემის აღიარებაში და ქცევის ახალი წესების მორჩილებაშია. შეზღუდვები აღარ დაგვჭირდება თუ მარტივ, სინამდვილეში მართლა ძალიან მარტივ წესებს დავიცავთ: ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა...ვერ გაამართლებენ ჩინოვნიკები უგუნურ რეგულაციებს, თუ ჩვენ თვითონ არ მოვიქცევით უპასუხისმგებლოდ. რაც მეტად ვუგულვებელყოფთ პრევენციის წესებს, მით მეტი საშუალება ექნება ვირუსს მუტაციის და ნაკლები შანსი გვექნება ადამიანებს ამ პრობლემის სწრაფად დაძლევის“, - წერს ნანა გეგეჭკორი Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.