პარლამენტთან 20 ივნისს დაზარალებულების აქცია იმართება

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერებს დღეს პარლამენტში ელოდებიან. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ ამნისტიის კანონს, რომლებიც 20-21 ივნისის დარბევაში მონაწილე პოლიციელებს პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ააქცია იმყოფება 20 ივნისს დაზარალებულის, მაკო გომურის და, რომელმაც აღნიშნა, რომ მაკოსთვის ამ შეთანხმებით მეორე ფრონტი გაიხსნა.

„მისი მდგომარეობა რთულია, და ამიტომ არ არის დღეს აქ“, - აღნიშნა მზია გომურმა. ერთ-ერთი დაზარალებულის, კობა ლეთოდიანის შვილმა, ნათია ლეთოდიანმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, ბრძოლის მთავარი მოტივაციის განულებაა.

„თუ ეს კანონპროექტი დაინიცირდება და ოპოზიცია ამას ხელს მოაწერს, გავრილოვი პარლამენტის სავარძელში მეორედ ჩაჯდება“, - აღნიშნა ნათია ლეთოდიანმა.

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით დღეს პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდება.

დღეს ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, რასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. შეთანხმების ამ ნაწილის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი, თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება და ამ პირობით დატოვებს ციხეს. პარტიის თავმჯდომარე კანონპროექტის საკითხზე ამბობს: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“.

ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ასევე აღნიშნა, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტის მომზადება მოუწევთ ისე, რომ ის არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

დოკუმენტზე ხელმომწერები პარლამენტში 27 აპრილს საქმიანობას ამნისტიის საკითხით დაიწყებენ.

„ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ამაში განსაკუთრებული და უცნაური არაფერი არ არის, მთავარი საკითხი ახლა არის ამნისტიის კანონპროექტი, რადგან განსაცდელში ვერ მივატოვებთ იმ პოლიტიკურ დევნილებს, რომლის აღიარებაც მოხდა. ამნისტიის საკითხის შემდეგ, სხვა პუნქტებზე გადავალთ, რადგან კარს მოგვადგა უკვ არჩევნები და იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, აუცილებელია ყველა იმ ცვლილების მიღება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება.

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რადგან თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, შეთნხმება ითვალისწინებს კომპრომისებს და ამისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. კომპრომისი ვერ მოხდება მწამებლებთან და ჯალათებთან დაკავშირებით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რომ ამნისტის მაღალი თანამდებობის პირებს შეეხოთ. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკა, რომ დაზარალებულის თანხმობით ხდებოდეს მხოლოდ ამნისტია, გვინდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწევთ ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა Europetime-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, დღეს პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება. რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს.

გუშინ, დღის ბოლოს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს.

„აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. არავის არაფერი არ გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. აქ თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია დაგვეთანხმოს სამართლიანი და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს იქნება მათი არჩევანი. კანონპროექტი დაინიცირდება და მას მივიღებთ, შეთანხმებას შევასრულებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალი დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.