"ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან", - ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, „ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას.
„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. “ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან“, - აღნიშნავენ „ლელოში“.
არჩევნების ლეგიტიმაციაზე უარს ამბობს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიქცევა ისე, როგორც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდებიან.
„ლეგიტიმაციის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქვს ამ არჩევნებს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! - მასობრივი მოსყიდვა, მასობრივი ძალადობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მორჩეს უბანთან ადამიანების ხროვად მისვლა, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიურ, მენტალურ ზემოქმედებას, ძალადობას ახდენენ მოქალაქეებზე. ჩემი აზრით, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ,“- განაცხადა ვაშაძემ.
შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და აღნიშნვს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
"არჩევნები იყიდეს, ჩაატარეს შანტაჟით, გაყალბებით. ვერ ვხედავ საფუძველს იმისა, რომ არჩევნები ლეგიტიმურად იყოს ცნობილი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი უნდა დაისვას და უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები. ის ვაჭრობა, რომელიც მიდის ხელისუფლების მხრიდან, ნახევარ პროცენტს მოგიმატებენ თუ ერთ მანდატს, თუ ჩვენ ამაში შევყვებით ხელისუფლებას, ჩვენც ვაჭრობის ისეთივე მონაწილეები ვიქნებით, როგორც ხელისუფლების წევრები არიან. პირადად არაფერზე გაჩუმებას არ ვაპირებ. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ბიძინა ივანიშვილის გადმოგდებულ ერთ ან ორ მანდატს ჩემი პრინციპები შევალიო. შევახსენებ, რომ პარლამენტის წევრის სავარძელი კი არა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დავთმე საკუთარი პრინციპების დასაცავად. ჩემი აზრით, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილს არჩევნები გავუფორმეთ, საქართველოში არჩევნები საერთოდ აზრს დაკარგავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
გლდანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
„შევარდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყოფს არანორმალურ დანაშაულებს. ყველა ოლქში კარგად ვერ ვადევნე თვალი რა ხდებოდა, რადგან გლდანის ოლქში მქონდა ომი. ეს ვერ შერჩება, გამორიცხული ამბავია. ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ან ღირსების სამუდამო შელახვაა ან ღირსების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება", - აცხადებს მელია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დღეს რუსთაველზე, პარლემენტის წინ იკრიბება და ამომრჩეველსაც მისვლისკენ მოუწოდებს.
ცესკოს მონაცემებით, 16:00სთ-ისთვის დათვლილია ხმათა 97.09%.