ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.
პარლამენტის წინ მისული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია.
მათივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერები საერთო გეგმას გააჟღერებენ. ისინი ამასთანავე, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
"თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ამ ფორმით მუშაობას არ უნდა შეუდგეს.
„არჩევნების შედეგზე მოახდინა გავლენა იმ გაყალბებებმა, იმ ძალადობამ, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შედეგები არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ის არ უნდა შეუდგეს ამ ფორმით მუშაობას. საპროტესტო აქციები, ბუნებრივია, გაგრძელდება. არ უყვარს ამ ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც ქუჩას ახსენებენ, მაგრამ გაიხედონ მთელ მსოფლიოში რა გადაწყვეტილებებს იღებს ქუჩა. რა ხდება ბელარუსში, რა ხდება ყირგიზეთში და როგორ წყდება ურთულესი საკითხები ქუჩის ზეწოლით, როდესაც ხელისუფლება იქცევა უგუნურად. თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა,“- განაცხადა გოცირიძემ.