„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაცვლიან თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე სავარძლებს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრის თქმით, მძიმე სოციალური ფონია შექმნილი, რასაც ოკუპაციის მძიმე ტვირთიც ემატება.
„ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო ბორდერიზაცია და არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს და სხვა ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით არის დაკავებული. არავისთვისაა სიახლე, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია შექმნილი და ამას კონკრეტული საქმით რეაგირება სჭირდება.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაცვლიან თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე სავარძლებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ ნაწილში, რომ, როდესაც შეთანხმება გაფორმდა, მხარეებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მის შესრულებაზე. აქაც ვხედავთ, რომ მხარეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციებს“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე.
მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა. დღევანდელ კენჭისყრაზე კახა კუჭავას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ექვსი წავიდა. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წევრებს, კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“, „გირჩის“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს, დანარჩენებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დეპუტატი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე არიან. Europetime დეპუტატებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.