გიორგი რურუა: კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია,  ნიკა მელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან

გიორგი რურუამ გლდანის ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვაია შეთანხმების მეორე პუნქტის შესრულება და ნიკა მელიას გათავისუფლება.

გიორგი რურუამ მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს, ამერიკელ სენატორებს, ევროკავშირის ელჩსა და შარლ მიშელს.

"პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელია სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა.

მემგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ", - განაცხადა გიორგი რურუამ.

როგორც რურუამ აღნიშნა, ის არ ელოდა ამნისტიის აქტზე ხელმოწერა.

"არ ველოდი შეთანხმების შესრულებას და ეს გასაგებია რატომაც - 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ მოუწიათ ტყუილის თქმა და სიტყვის გატეხვა და თქვენც არ ენდობით მათ, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხავს.

შეწყალებით, მე მგონი, თავისი დანაშაული გამოასწორეს", - განაცხადა რურუამ.

აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას.

"მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პრატფორმიდან", - განაცხადა რურუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.