ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
„პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელიამ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა. მემგონი, ყველასთვის ნათელია, ნიშნის მოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ, ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.