„NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას ინტერესით დააკვირდება“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
„საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან მათ არჩეულ წარმომადგენლებს მუშაობის დაწყება შეეძლებათ, თავის მხრივ, მთავრობას შეეძლება, ფოკუსირდეს მიმდინარე გამოწვევებზე, როგორიცაა კოვიდკრიზისი და მისი ეკონომიკური გავლენა, ასევე - სასამართლო სისტემის რთულ, მაგრამ საჭირო რეფორმებზე. ეს ასევე კარგი ამბავია საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, რადგან შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მექანიზმებსა და გარანტიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკოსს, ჩაერთონ დიალოგში არსებით საკითხებზე და ითანამშრომლონ კონსტრუქციულად.
და ბოლოს, ეს ასევე კარგი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, იხილოს საქართველოს წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის.
ამრიგად, ძალიან ვაფასებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის, კრისტიან დანიელსონის და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევას, რაც აღნიშნული მიზნების შესრულების შესაძლებლობას ხელს შეუწყობს. ვიყურებით რა წინ, NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების განხორციელებას ინტერესით დააკვირდება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.