ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID19-ის ინდური ვარიანტი მინიმუმ 17 ქვეყანაშია გამოვლენილი.
როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ინდური ვარიანტის – B.1.617-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინდური შტამი ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ინდოეთში ეპიდაფეთქება სწორედ კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელებით არის გამოწვეული.
ცნობისთვის, ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების ფონზე, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა ინდოეთთან მიმოსვლა შეაჩერა და ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება აკრძალა.