აშშ-ში ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს გარეთ გასვლა პირბადის გარეშე შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Usa Today ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, CDC-ის რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებს უკვე შეუძლიათ პირბადე არ ატარონ სიარულის, სირბილის, ველოსიპედით სეირნობისას თუ ლაშქრობისას.

მათ პირბადის ტარება არ დასჭირდებათ ასევე რესტორნების გარე სივრცეებში, მცირე შეკრებებსა თუ ოჯახურ თავყრილობებზე.

თუმცა, კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება იმ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ამის მოთხოვნა არსებობს.

”თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენთვის ყველაფერი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მათთვის, ვინც ჯერ არ არის ვაქცინირებული", - განაცხადა CDC-ის დირექტორმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის საკითხებში განახლებული რეკომენდაცია გაიცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ზრდასრული მოქალაქეების ნახევარზე მეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაიკეთა.

როგორც ცნობილია, აშშ-ში ბოლო კვირაში COVID19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა. ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა კი მიღებული აქვს 140 მილიონზე მეტ ადამიანს. ვაქცინაცია აშშ-ში სამი ავტორიზებული ვაქცინით მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ის მოსახლეობის 29% სრულად ვაქცინირებულია, 43%-ს კი მიღებული აქვს ორდოზიანი ვაქცინის პირველი დოზა.