ლუის ნავარო: ეს შეთანხმება ერთადერთი კონკრეტული კომპონენტია მთავრობისა და ოპოზიციის ნების გამოსაცდელად

„ეს შეთანხმება ერთადერთი კონკრეტული კომპონენტია მთავრობისა და ოპოზიციის ნების გამოსაცდელად“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ Europetime-ს განუცხადა.

„ამ კრიზისის გამო, ხშირად ვისმენდით განცხადებებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად ზიანდება და რომ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეც დაემუქრებოდა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, როგორ ფიქრობთ, ქვეყანამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რამდენად შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და საბოლოოდ, იმიჯის ასე თუ ისე შენარჩუნება?“, - Europetime-ის ამ შეკითხვას საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ უპასუხა.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია, მიუხედავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ევროპული საქართველოს მცდელობისა, შექმნან მეტი წინაპირობები ევროკავშირის მიერ შემუშავებულ და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე.

თუ „ქართული ოცნება“ მიჰყვება ამ გზას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ უარის მიუხედავად, ისინი უფრო მეტ ნებას გამოავლენენ, განაგრძონ ევროპული გზა, ვიდრე ეს ორი უდიდესი ოპოზიციური პარტია.

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის განზრახვის გათვალისწინებით უნდა გაირკვეს, თუ რა ზღვარს დაიცავს მთავრობა შეთანხმების სულისკვეთების სისრულეში მოსაყვანად, რომელიც წარსული კონფლიქტების გარკვევას და უფრო წარმომადგენლობითი დემოკრატიისკენ მიმავალ გზას ისახავს მიზნად. ერთი პარტიის ექსკლუზიური მმართველობის ტრადიციის დარღვევა აუცილებელია, თუ საქართველო აპირებს, მიაღწიოს თავის მისწრაფებებს.

ეს შეთანხმება ერთადერთი კონკრეტული კომპონენტია მთავრობისა და ოპოზიციის ნების შესამოწმებლად, შეუძლიათ თუ არა გადალახონ სააკაშვილის და ივანიშვილის პოლიტიკის ტოქსიკური გავლენის ზღვარი, რომელიც ხალხს მათი ახირებების მძევლად აქცევს“, - განაცხადა ლუის ნავარომ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.