ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია "ENKA" სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ „ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც ცნობილია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კომპანიას ედავება მოსამზადებელი სამუშაოების ისე დაწყებას, რომ არ შეასრულა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა შპს "ენკა რინიუებზლის" მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება.

სასამართლო პროცესის პარალელურად "რიონის ხეობის მცველები" აქციას მართავდნენ. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ აქცია წყალტუბოს მერიასთან გადაინაცვლებს.