პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ. ამ დროისთვის, მინისტრს დეპუტატები უსვამენ შეკითხვებს. „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა, რატომ აქვს საქართველოში „არაადამიანური ფასები“ მედიკამენტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი წამოწია. „რამდენად ეფექტიანად მუშაობს „კომენდანტის საათი“ და შეგვიძლია თუ არა გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით, იმ დროს, როცა „კომენდანტის საათი“ იწყება, მოსახლეობის ურავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების გავრცელების სერიოზულ რისკებს ქმნის“, - მიმართა მან ეკატერინე ტიკარაძეს.
მინისტრს ჯერ კითხვებზე პასუხების გაცემა არ დაუწყია. მანამდე კი, პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება.
მან ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, სამინისტრო კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას ზრდის, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციაზე დეზინფორმაციის გამო მოსახლეობამ აცრაზე უარი არ უნდა თქვას.
„სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს Pfizer-ის მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე ჩვენ დამატებით მივიღებთ Astrazeneca-ს 86 000 დოზას და „სინოვაკის“ 100 000 დოზას.
მინისტრის თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდსაწოლი, რომელსაც სისტემა გეგმაზომიერად გამოიყენებს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედპერსონალითა და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია.
მინისტრმა ინდურ შტამზე საუბრისას აღნიშნა, რომ მესამე ტალღა რთული და საყურადღებოა, რადგან საქმე გვაქვს განსხვავებულ შტამთან.
დადგენილი ოპტიმალური ტარიფების ფარგლებში მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ჯიბიდან გადასახადი, თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ სამწუხაროდ, კვლავ აქვს ადგილი პაციენტების მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. დადგენილი ტარიფების ფარგლებს ზემოთ, კვლავ თხოვენ პაციენტებს თანხას სრულიად გაუგებარი მიზეზებით. მსგავს პრეცედენტებზე ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოგვიწევს სათანადო უწყებებისთვის მიმართვა, რათა გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მსგავს ფინანსურ სქემებზე. მიუხედავად იმისა, რომ გათანაბრებული ტარიფების ინიციატივა არაერთხელ გახდა განსჯის საგანი, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი არაპოპულარული ნაბიჯები დიდი რეფორმების ნაწილია, რომელშიც კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით ჩართულობა ყველას ვალდებულებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.