ევროპარლამენტმა Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის Brexit-ის შემდგომ სავაჭრო გარიგების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რითიც მოიხსნა უკანასკნელი წინაღობა ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

ევროკავშირის დეპუტატებმა სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს 660 ხმით 5-ის წინააღმდეგ, 32-მა თავი შეიკავა, განაცხადა პარლამენტმა.

კენჭისყრა სამშაბათს ჩატარდა, მაგრამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, შედეგი დაუყოვნებლივ არ იყო ცნობილი.

ამ ნაბიჯით მთავრდება ოთხ წელიწადზე მეტხანს გაგრძელებული მოლაპარაკებები და დებატები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა დაასრულა ევროკავშირის 47-წლიანი წევრობა.

როგორც ცნობილია, 1 000 გვერდისგან შემდგარი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევა. ევროკავშირის პარლამენტი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ მან უნდა უერთგულოს ნაკისრ ვალდებულებებს.

ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ კავშირებს, კონკურენციის წესებს, თევზაობის წესებს და პოლიტიკის, სამართლის, ტრანსპორტის და ენერგიის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პირობებს.