ყველამ ნახა, რომ ეს შეთანხმება ადვილად მისაღწევი არ იყო. ეს არის დაბალანსებული და კომპრომისული ვარიანტი. საუკეთესო გამოსავალი კრიზისის დასასრულებლად. ეს შეთანხმება შესასრულებელია. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და გადაწყვეტილებები საქართველოში, პოლიტიკური ძალების მიერაა მისაღები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა "ქრონიკას" განუცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, პოლიტიკური კრიზისის გამო სქართველომ 6 თვე დაკარგა და ახლა ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
"დღეს გვაქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებული ხელმოწერილი დოკუმენტი და თუ მხოლოდ ერთი პარტიიდან არის მოთხოვნები დაყენებული, ეს არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, არამედ პირიქით, ეს ისევ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, ისევ დაძაბავს სიტუაციას, ისევ საქმე გვექნება პოლარიზაციასთან და ამ დროს, ქვეყანას რეფორმებზე ორიენტირებული პარლამენტი სჭირდება. მათ სინდისზეა, ვინც ჯერ ისევ არ შეერთებია შეთანხმებას და არ შესულა პარლამენტში, რადგან პოლიტიკოსები ამომრჩეველმა 2020 წლის არჩევნებზე აირჩია და მისცა მანდატი. დღეს გვაქვს შეთანხმება და ეს ნიშნავს მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მათი გადასაწყვეტია და არჩევანია, თუ სურთ განცალკევებული დგომა და არ უნდათ საპარლამენტო პოლიტიკური საქმიანობა. მე იმედი მაქვს, ქართველი ხალხი არჩევნების გზით პოლიტიკოსების საქმიანობას შეაფასებს" - განაცხადა ევროპარლამენტარმა.