მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მან პარლამენტის დათხოვნის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი. პრეზიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გზა გავუხსენით მოქალაქეებს, რათა შეძლონ აირჩიონ ახალი პარლამენტი, რომელიც მოემსახურება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ძალაუფლება ახლა არის ხალხის ხელში. ძალაუფლება თქვენს ხელშია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ სწორ გზას, რათა შექმნან განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ხალხს შეუძლია იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში", – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 11 ივლისს ჩატარდება.
"ახალი პარლამენტის არჩევნების თარიღი განისაზღვრება 2021 წლის 11 ივლისს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქაოსი, რომელშიც პარლამენტი გვტოვებს. არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ დავნიშნავთ პასუხისმგებელ მთავრობას, რომელიც დაეყრდნობა სტაბილურ უმრავლესობას და მოლდოვაში მოვაგვარებთ ყველაფერს. ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იმუშავებს ხალხის საკეთილდღეოდ",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.