აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მხარეებმა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვეს აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სხვადასხვა საკითხი განიხილეს. მდივანმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას.

მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი პოლიტიკური დარეგულირების მოლაპარაკებისთვის, რომელიც სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ხალხს", - ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.