ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

კონდახიშვილის თქმით, აღნიშნული სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების იმიტაციაა და თავის მოტყუებად მიაჩნიათ, სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. ადვოკატმა პროცესის გადადება იმ ვადით ითხოვა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის წინა პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.