"ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემს გუნდთან ერთად ძალიან საინტერესო დღე მქონდა თბილისში და მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან ღია და გულახდილი დისკუსიებისთვის.
პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო ლიეტუვასა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა.
ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, ბორდერიზაცია, რუსი სამხედროების გაზრდილი რიცხვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები, სრულად დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას. ამ კუთხით ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძესა და მის ოჯახს, აგრეთვე სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახებს. ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.