კათოლიკოს-პატრიარქმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი მიიღო. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პატრიარქმა უწყების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, ქართული ჯარი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წელი გავიდა.

ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს უზენაესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა, რითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო.

1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.