პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 72-ხმით მიიღეს.

კანონის მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

ცვლილებები შევა სამ მუხლში: 116-ე, 173-ე და 247-ე.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულ მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

რაც შეეხება 247-ე მუხლს, რაც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს გულისხმობს, ცვლილებით დგინდება, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.