„საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში.
ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის.
ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.