საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მარშალ სერ სტიუარტ პიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გენერლის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობასა და ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს კონტრიბუციაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში NATO-ს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.
"NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს, ასევე, ისაუბრეს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და NATO-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ვაზიანში, თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გენერალმა სერ სტიუარტ პიჩმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.