ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე ევროპულ მთავრობებს აფრთხილებს, რომ კოვიდშეზღუდვების ძალიან სწრაფად შემსუბუქებამ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება შეიძლება გამოიწვიოს.
„დამცავი ზომების შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია, იდეალურ ქარიშხალამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ინდოეთში შექმნილი სიტუაცია ყველგან შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას რეგიონში ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია.
„ევროპის რეგიონში ვაქცინაცია ახლა წინ მიიწევს. მოსახლეობის 16%-მა პირველი დოზა მიიღო, ხოლო 7% სრულად აცრილია. იქ, სადაც მაღალ რისკ-ჯგუფებში ვაქცინაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება. ვაქცინებისა და ჯანდაცვის ძლიერი ზომების კომბინაცია ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების მკაფიო გზას გვთავაზობს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.