ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში ბრუნდება. მანამდე, 2013-2016 წლებში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს იკავებდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა. ამ რანგში ის საქართველოს 2013 წლის დეკემბერში, ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. ეს მოიცავდა ვიზიტებს ბელგიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და რუსეთში.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია ნულანდმა თბილისში შეხვედრები გამართა საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, იუსტიციის და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან; საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„საქართველო არის ძლიერი, წინ მიიწევს და ძალიან ძლიერ პროგრესს მიაღწია NATO-სთვის მომზადების საქმეში“, - ნულანდი მაშინ აცხადებდა, რომ თბილისიდან ვაშინგტონში ეს გზავნილი წაიღო.
თბილისიდან ამერიკელი დიპლომატი რუსეთში გაემგზავრა. მან განაცხადა: „საქართველოს საკითხი ყოველთვის წამოიწევა ხოლმე, როდესაც „ჩვენ მოსკოვში ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვესაუბრებით“.
„გზავნილი იქნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, და რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ სწორი ურთიერთობა ორ მეზობელს შორის და გვინდა რომ ვიხილოთ მეტი პროგრესი ოკუპაციის და ე.წ. საზღვრის მოწყობის საკითხის მოსაგვარებლად, რაც ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
ნულანდი თბილისში 2015 წლის თებერვალშიც იმყოფებოდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში. ის საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მოუწოდა საქართველოს, რომ 2015 წელი, რეფორმების დაჩქარებისთვის გამოიყენოს.
ამერიკის დელეგაცია იმჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ამერიკის ურყევი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, თქვენი დემოკრატიული კურსის, ევროპული გზის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - განუცხადა ნულანდმა ჟურნალისტებს.
NATO
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ NATO-ს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე და თქვენ ამ მხრივ ამერიკის სერიოზულ როლს დაინახავთ“, - განაცხადა ნულანდმა.
ეკონომიკა
„ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერებაზე; მე ასევე ვისაუბრე ოპოზიციასთან რეფორმების კუთხით მათი იდეების შესახებ - ეს ის სფეროა, სადაც მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა შეძლონ გაერთიანება, რათა მხარი დაუჭირონ ძლიერ ზრდას და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
კანონის უზენაესობა
„რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის კუთხით არსებული კლიმატი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგრძელდეს საქართველოს დემოკრატიის, საინვესტიციო კლიმატის გაძლიერება და საქართველოს შეუნარჩუნდეს პოზიტიური კურსი. მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ პროკურატურის და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა განახორციელოს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისივე თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „იზრუნოს მომავალზე, ინსტიტუციონალურ, სტრუქტურულ რეფორმებზე და უზრუნველყოს, რომ სრული გამჭირვალობა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები იქნას დაცული იმ საქმეებში, რომლებიც ახლა სასამართლოებში განიხილება“.
„თქვენი დემოკრატია თქვენი უდიდესი დაცვაა გარე ჩარევისგან; ეს ასევე საუკეთესო გარანტიაა იმისა, რომ ეკონომიკური რეფორმა წარმატებული იქნება, რომ პოლიტიკა ცივილიზებული დარჩება. ამრიგად, ზოგადად ჩვენი გზავნილი ეხებოდა ერთობას, წინსვლას და 2015 წლის გამოყენებას რეფორმების, მუშაობის დაჩქარებისთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ასევე ეხებოდა იმას, რომ ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს, ერთად უნდა იმუშაონ თქვენი დემოკრატიისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში“, - განაცხადა ვიქტორია დულანდმა და დაამატა: ამერიკა ამაყობს, რომ თქვენი პარტნიორია და ჩვენ ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ (2013 წელს) ეუთოს ძალისხმევის გაორმაგებაზეც ისაუბრა საქართველოს, მოლდოვასა და მთიანი ყარაბაღის ხალხის დასახმარებლად, როდესაც ეუთოს მინისტერიალზე გამოვიდა სიტყვით. ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია ბოლო დროს გართულდა მავთულხლართების გაბმის გამო.
„საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაძლიერება, რათა დავეხმაროთ ქართველ და მოლდოველ ხალხს და ყურადღება მივაქციოთ მთიან ყარაბაღს“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.
რუსეთზე მისი ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, „ვერ მოიპოვებ ნდობას, თუ სიმართლეს თვალებში არ ჩახედავ, ამიტომაც როდესაც ქვეყანა უარყოფს, რომ მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარები ჰყავს, არ იქნება ნდობა. რუსეთის ქმედებები ამ ქვეყნის მიმართ ნდობის აღდგენას ხელს არ უწყობს“.
ნულანდი 2014 წელს, უკრაინის მოვლენების დროს კიევში ჩავიდა და ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და ოპოზიციის წევრებს შეხვდა. იანუკოვიჩმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ოპოზიციასთან დიალოგს და კომპრომისს უჭერს მხარს. ვიქტორია ნულანდი მანამდე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მოსკოვს მოუწოდა, გამოეყენებინა საკუთარი გავლენა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. არქივში იძებნება კადრები, როდესაც ვიქტორია ნულანდი კიევში, მაიდანზე მიმდინარე აქციაზეც მივიდა და აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმელებს ჩაი და ნამცხვარი მიუტანა.
ცნობისათვის, 1988-1990 წლებში მუშაობდა მონღოლეთის ქალაქ ულან-ბატორში და დაკავებული იყო საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის საკითხებით. 1993-1996 წლებში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტროუბ ტელბოტის აპარატში, სადაც სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელლმძღვანელობით მუშაობდა რუსეთის, მისი მეზობლების და NATO-ს გაფართოების საკითხებზე. 2000-2003 წლებში NATO-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს წესდების მეხუთე მუხლის მიღებაზე („ერთი მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“). 2003-2005 წლებში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატში. 2005 წლიდან 2008 წლამდე NATO-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო.
ნულანდი აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად კი ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მუშაობდა, შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
2019 წლის მაისში, რუსეთმა ამერიკელ დიპლომატს ვიზა არ მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ განუცხადეს, რომ ნულანდი შეყვანილია „შავ სიაში,“ რომელიც მოსკოვმა აშშ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების საპასუხოდ შეადგინა.
ვიქტორია ნულანდმა რუსეთის ვიზა, მოსკოვში, დახურულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის ითხოვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთი ბრაიზას განცხადებით, ვიქტორია ნულანდს დიდი გამოცდილება აქვს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყველა ასპექტის მიმართულებით, ასევე NATO-სა და რუსეთის საკითხების კუთხით. მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან საუბრისას, კიევში ნულანდის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ის ბრწყინვალე მოაზროვნე და მომლაპარაკებელია“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.