არჩილ თალაკვაძე: ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას.

თალაკვაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და ეს დასკვნები კანონპროექტების მიღების პროცესში აქტიურად იქნება განხილული.

მისივე განცხადებით, გაცემული რეკომენდაციები კონსტრუქციული და საქმიანია.

"ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გამოქვეყნებულ ერთობლივ დასკვნაში ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც "საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები უნდა შეიცვალოს მომდევნო არჩევნების წინ".