ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:
1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;
2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;
3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რათა მსგავსი კანონმდებლობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.
"ოდირი და ვენეციის კომისია აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცვლილებების მომზადება და ღია გამჭირვალე პროცესი გაზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", – აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გამოქვეყნებულ ერთობლივ დასკვნაში ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც "საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები უნდა შეიცვალოს მომდევნო არჩევნების წინ".
უთო/ოდირი და ვენეციის კომისია აღნიშნავენ, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია „პოზიტიური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში, მათ შორის ის, რაც ეხება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს, არჩევნების შედეგების დადგენის პროცესის განმტკიცებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაუმჯობესებას“.
ამასთანავე, დასკვნის თანახმად, შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება, მაგალითად, საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით.
"უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე წამოყენებულ სამართლებრივ ჩარჩოში სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამორჩეული რეკომენდაცია განხილულია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში, მრავალი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადაუწყვეტელია. ჯერ კიდევ საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა", – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი საკანონმდებლო ცვლილებები არ არის დაფუძნებული კანონმდებლობის ყოვლისმომცველ განხილვაზე, არამედ „უფრო მეტად გამიზნულია პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და იმ შეშფოთების მოგვარებაზე, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ წარმოიშვა“.
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის შემდგომ ძირითად რეკომენდაციებს იძლევიან:
1. განხილული იყოს კვალიფიციური (მაგალითად, ორი/მესამედი) საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა (მოითხოვს როგორც მმართველ პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საბოლოო ჩიხში მოქცევის საწინააღმდეგო მექანიზმით. მოთხოვნილი იყოს უფრო მაღალი მანდატი ცესკოს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ ნომინაციის პროცესს;
2. მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაზე მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ანუ პირობები, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსების უფლება გააჩნია და რომლითაც პარტიის მინიმუმ ერთ-ერთი წევრი ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას, რაც გამორიცხავს, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტს;
3. შემდგომი ცვლილებების შევიდეს დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელია, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის მინიმუმ ერთი წევრი „რეალურად ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას“, მეორე პუნქტის რეკომენდაციების შესაბამისად;
4. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი აქვს პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრების მოხსნას.
5. არჩევნების დღეს აიკრძალოს, როგორც პარტიული წარმომადგენლების ყოფნა, ისე საარჩევნო კამპანიის წარმართვა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე;
6. მიღებული იყოს სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად დათვლასა და შედეგების დაჯამებაში და არჩევნების შემდგომი დავების მართვაში;
7. ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას, სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილ ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობით;
8. სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივებისა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ უშლის საჩივრების სათანადო განხილვას;
9. ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან მსგავსი ამომრჩევლით;
10. შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ხმის მიცემის ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის შეზღუდული დროის ფონზე, შესაძლოა, გარკვეული ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი ერთადერთი რეალური ვარიანტია მომდევნო არჩევნებისთვის.