"კახი კავსაძე ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი და ოჯახის წევრი", - ამის შესახებ დღეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან წულაძემ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.
მსახიობი რუსთაველის თეატრიდან უკვე გამოასვენეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
"კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის, ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი. ამის უნარი ჰქონდა მის სიმართლეს და დამაჯერებლობას სცენიდან თუ კინოდან",- აღნიშნა ლევან წულაძემ.
ყველასათვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე 2020 წლის 28 ნოემბერის შემდეგ COVID-19 -ის მიერ დატოვილ გართულებებს ებრძოდა. მსახიობი რამდენჯერმე გამოკეთდა მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.