ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან მოსახლეობას ხუთი მთავარი პრევენციული ღონისძიების დაცვისკენ მოუწოდა.
„მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე. მეორე, დისტანცია, საუკეთესოა, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. მესამე - ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესების დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. მეოთხე - მცირე შეკრებები, მაქსიმუმ 6-10 ადამიანი და უფრო ხშირად ღია სივრცეში. მეხუთე რეკომენდაციაა, თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო, სადღესასწაულო, რადგან ეპიდაფეთქებების წყარო სწორედ ის გახლავთ, რომ დიდ თავშეყრებზე არ ხდება პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
ყველა ეპიდაფეთქვება, რაც გვქონდა, დიდი შეკრებებისა თუ დღესასწაულების გამოძახილი იყო, რომელიც გვქონდა სხვადასხვა რეგიონში. უმორჩილესად გთხოვთ, ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად ეს 5 პრევენციული ღონისძიება რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.