"ნაციონალური მოძრაობა", ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბერს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება მოიპოვა, უარს ამბობს უმაღლესი საბჭოს მანდატებზე.
"31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია... ჩვენს მხარდამჭერებთან და პარტნიორებთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება - უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რაც გადმოგვცა ხელისუფლებამ", - განაცხადა პარტიის წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა დღეს, ბათუმის საარჩევნო შტაბში.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადალახა 5%-იანი ბარიერი და, წინასწარი მონაცემებით, 21-დან 6 მანდატი მოიპოვა. არჩევნების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ პროტესტს უერთდება უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა.
ხვალ, 3 ნოემბერს, "ხმების დასაცავად" ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ საპროტესტო აქციას ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან.
ოპოზიციის პროტესტს ბათუმში უერთდებიან : "ევროპული საქართველო", "ლელო", "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი", "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო".
წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმების 48.12%, ნაციონალურმა მოძრაობამ -26.94%. სხვა პარტიებმა 5% - იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის გარდა, აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აირჩიეს. 21 დეპუტატიდან, 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული სისტემით. არჩევნებში 22 პარტია და ბლოკი მონაწილეობდა.