ირანის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანში, ქალაქ ყუმში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა. ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 20-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.

მედიის ინფორმაციით, ორი მეხანძრე სერიოზულადაა დაშავებული. ასევე, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას, ორ სახანძრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი, ამან აფეთქება გამოიწვია. სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ცეცხლის ახლომდებარე ტანკერებზე გავრცელება, რასაც კატასტროფის გამოწვევა შეეძლო.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი.