დიდ ბრიტანეთის მთავრობის ორგანიზებით, დაიწყო კოვიდ-ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც, კვირას, ლივერპულში ჩატარდა ელექტრონული მუსიკის ღონისძიება, რომელსაც მუსიკის 5 000 მოყვარული სოციალური დისტანციის დაცვისა და ნიღბების გარეშე დაესწრო.
ეს იყო ყველაზე დიდი მუსიკალური კონცერტი ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა და რეგულაციები დაწესდა.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა მიზნად ისახავს, შეამოწმონ შესაძლებელია თუ არა covid-19-ის შეზღუდვების შემცირება ახალი აფეთქებების გამოწვევის გარეშე.
Guardian-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრების მთავარი პირობა - COVID19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი იყო.
იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული მუსიკის მოყვარულს ღონისძიებაზე დასწრება და მთავრობის მიერ წამოწყებულ ახალ კოვიდ-ექსპერიმენტში ჩართვა სურდა, მას პარასკევს ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარედგინა.
მათივე ინფორმაციით, ბილეთის მფლობელები 18 წელს ზემოთ ასაკის უნდა ყოფილივყნენ და დასასწრებად დარეგისტრირებულიყვნენ ლივერპულში.
გავლენიანი ბრიტანული მედია BBC წერს, რომ PCR ტესტირების ჩატარება აუცილებელი იყო, ღონისძიებამდე ერთი დღით ადრეც.
ასევე, კვლევის ფარგლებში, ღონისძიებაზე დამსწრეებს, განმეორებითი კოვიდტესტირება შაბათის შემდგომ (ანუ ღონისძიებამდე ტესტის ჩატარებიდან) მეხუთე დღეს უნდა ჩაიტარონ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება კვლევა, თუმცა Euronews-ი წერს, რომ ექსპერიმენტის მთავარი კულმინაციური ღონისძიება 15 მაისს უემბლის სტადიონზე გაიმართება, სადაც საფეხბურთო მატჩს 21 000 ადამიანი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მეცნიერები კვლევის ფარგლებში ასევე სწავლობენ სხვა ფაქტორებს, როგორიცაა სივრცეში ჰაერის მოძრაობის, ურთიერთქმედებისა და ვენტილაციის ხანგრძლივობა.
ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ ღონისძიებაზე დამსწრე ახალგაზრდები დიდხნიანი პაუზის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ რეგულაციების გარეშე ღონისძიებაზე დასწრება ,,ჩვეულებრივზე უკეთესი იყო".
,,შენ თავს ცოცხლად გრძნობ, ეს ჩვეულებრივზე უკეთესი იყო ”, - თქვა ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ.
BBC-ის ინფორმაციით, კონცერტის მონაწილეების ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ ამდენი ხნის შემდეგ კვლავ ერიდებოდათ ხალხში ყოფნა.
როგორც ისინი აღნიშნავდნენ, კვლევაში მონაწილეობა და მისი წარმატებით დასრულება დაეხმარება გააცნობიერონ მალე შეძლებენ თუ არა მსგავს მუსიკალურ ფესტივალებზე თავისუფლად დასწრებას, ყველანაირი რეგულაციების გარეშე.
ღონისძიების ორგანიზატორები კი ბრიტანულ მედიასთან აცხადებენ, რომ ზაფხულში დაგეგმილი ღონისძიებების უდიდესი ნაწილის ბილეთები უკვე გაყიდულია.
ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ უზრუნველყონ მეტი საგარანტიო პირობების მიცემა, რათა იმ შემთხვევაში თუკი ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდება და ღონისძიებების გაუქმების საკითხი დადგება, დიდი ფინანსური ზარალი არ მიადგეთ.