63 ქვეყნის 250-ზე მეტმა ჟურნალისტმა  რუსეთის დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა გამოუცხადა

მსოფლიოს 63 ქვეყნის 250 ჟურნალისტმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე თავდასხმები შეწყვიტონ.

ჟურნალისტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის გამოცემა „Важных историй“ და DOXA-ს, ასევე გამოცემა "Медузы", რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ კრემლი ცდილობს, გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია და რუსეთის მოქალაქეებს მართალ ინფორმაციაზე წვდომა მოუსპოს. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს სიტყვის თავისუფლების დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებები.

"პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჩვენ - 60-ზე მეტი ქვეყნის დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მედიის საზოგადოება - მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეინარჩუნოს პასუხისმგებლობა გამოხატვის თავისუფლების დაცვაში.

1998 წელს რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა კონვენციას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ყველას სიტყვის თავისუფლებას, აგრეთვე უფლებას "მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია და იდეები სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად".

რუსეთის დამოუკიდებელ მედიას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

იმ მომენტიდან, როდესაც ვლადიმერ პუტინი გახდა რუსეთის პრეზიდენტი, სახელმწიფომ დაიწყო ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე საკანონმდებლო შეზღუდვების, მფლობელების შეცვლის, ჯარიმების და სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით. ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ახლა რუსულ მედია სამყაროში დომინირებს მედია, რომელსაც აკონტროლებს სახელმწიფო ან ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მეგობრები...

ამასთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კრემლის შეტევები გაძლიერდა დამოუკიდებელი მედიის ნარჩენებზე...

დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჩვენ, ხელმოწერილნი, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს "Важных историй", DOXA, "Медузы" და სხვა დამოუკიდებელ რუსულ მედიასაშუალებებს, რომლებიც უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და, მიუხედავად ამისა, განაგრძობენ მუშაობას", - ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ ისეთი გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიცაა The Guardian, The Washington Post, Le Monde, Süddeutsche Zeitung, Reuters, Deutsche Welle და სხვ.