გერმანიაში, ლუდის ფესტივალი Oktoberfest-ი წელსაც არ ჩატარდება

მსოფლიოში უდიდესი ლუდის ფესტივალი Oktoberfest-ი, რომელიც ყოველწლიურად მიუნხენში ტარდება, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელსაც არ ჩატარდება. ამის შესახებ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პანდემიის გამო, პოპულარული ფესტივალი ზედიზედ მეორედ გაუქმდა. ფესტივალი დაგეგმილი იყო 18 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ბავარიის შტატის პრემიერ-მინისტრმა და მიუნხენის მერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომ Oktoberfest-ი არის ”ყველაზე გლობალური” ფესტივალი და რომ პანდემია ჯერ კიდევ არ არის ისეთი კონტროლის ქვეშ, რომ მთელი მსოფლიოს ხალხი კარვებში შეიკრიბოს.

"დიდ ფესტივალებზე ლუდის კარვებში, სოციალური დისტანცირების, ნიღბებისა და სხვა ზომების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია... სიტუაცია ძალიან საშიშია", - აღნიშნა პრემიერმა.

ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც, ჩვეულებრივ, 6 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დაახლოებით 200 წლით თარიღდება.