ჯანმო:  Sinopharm-ის ეფექტურობა 78.1%-ით განისაზღვრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის შესახებ 29 აპრილის სხდომის მასალები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.

კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, Sinopharm-ის გამოყენების შემდეგ არ გამოვლენილა საფრთხის შემცველი გვერდითი მოვლენები. ძირითადი გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი, დაღლილობა, ნანემსარი ადგილის ტკივილი.

ამასთან ერთად, სინოფარმით აცრისას ანაფილაქსიის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და მხოლოდ მსუბუქი ალერგიული რეაქციები დაფიქსირდა.

კვლევის მესამე ფაზაზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მას პლაცებო ჰქონდა მიღებული. ასევე, კვლევის მესამე ფაზაზე ერთ ადამიანს გამოუვლინდა თრომბი.

რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას - მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის - 91%.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სინოფარმის ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

შეგახსენებთ, Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან იწყება. აღნიშნული ვაქცინის გაკეთება საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზა რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.