დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეები უნდა ეცადონ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაის-ივნისში 5000-6 000-ის ფარგლებში იყოს.
მისივე თქმით, სასურველია, ყველამ მოიხადოს სამოქალაქო ვალი და აიცრას.
„დღეს აცრები წარმოებს საქართველოს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. დღეში საშუალოდ 1 200- 1 500 აცრა ტარდებოდა. დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, სამივე ვაქცინით დღეს 2 800-მდე ადამიანი უნდა აიცრას. მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. უნდა ვეცადოთ, რომ აცრის ყოველდღიური რაოდენობა მაის-ივნისში 5 000-6 000-ის ფარგლებში იყოს. მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი. ეს მიზანი არის ჯანმრთელი საქართველო, მოსახლეობა, რათა ყოველდღიურად აღარ იყოს 20 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. ხაზს ვუსვამ, 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ეს ყველამ გავითავისოთ და ჩვენი სამოქალაქო ვალი მოვიხადოთ – დავასრულოთ ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.