BBC - ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთთან საზღვარი გადაწია

BBC-ის ინფორმაციით, ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთთან საზღვარი გადაწია.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ისტორიით დაინტერესებულმა ადგილობრივმა ტყეში სეირნობისას აღმოაჩინა, რომ ქვა, რომელიც ქვეყნებს შორის საზღვარს ადგენდა 2.29 მეტრით იყო გადაადგილებული.

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთი ბელგიელი ფერმერის „ბრალი“ იყო - ქვა მის ტრაქტორს გადაადგილებაში ხელს უშლიდა, ამიტომ მან მისი გადაადგილება გადაწყვიტა და საფრანგეთის მხარეს გადაწია. შედეგად, საფრანგეთის ტერიტორია შეამცირა, ბელგიისა კი გაზარდა.

BBC აღნიშნავს, რომ საფრანგეთისა და ბელგიის საზღვარი 620 კილომეტრზეა გადაჭიმული და ის ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხებიდან 5 წლის შემდეგ, 1820 წელს დადგინდა. ქვა კი, რომელიც ფერმერმა გადაადგილა 1819 წლით თარიღდება როდესაც საზღვარი პირველად დადგინდა.

ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ “სასაზღვრო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება”.

ადგილობრივი უწყებები გეგმავენ დაუკავშირდნენ ფერმერს და სთხოვონ ქვა პირვანდელ ადგილას დააბრუნონ იმ შემთხვევაში კი თუ ეს არ მოხდება, საქმეში ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება.