ვაქცინაციის პროცესში დღეიდან მთავრობის წარმომადგენლები ერთვებიან

მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დღეს ორი მინისტრი აიცრება. 10:00 საათზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩაიტარებს ვაქცინაციას. შსს-ში აცხადებენ, რომ მინისტრთან ერთად აიცრებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც. 16:00 საათზე კი, იმავე სამედიცინო დაწესებულებაში ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აიცრება.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.