დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი ვებპლატფორმა აამოქმედა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი პლატფორმა www.donaldjtrump.com აამოქმედა.

პლატფორმაზე დონალდ ტრამპის განცხადებები და მიმართვებია განთავსებული, რომლის გაზიარება მომხმარებლებს Facebook-სა და Twitter-ზე შეუძლიათ, თუმცა კომენტარების დატოვების ფუნქცია არ არის.

ცნობისთვის, 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ ჯერ კიდევ მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის პირადი მიკრობლოგი დაბლოკა. „ფეისბუქმა“ და ვიდეოპორტალმა „იუთუბმა“ კი, მას ანგარიშები დროებით შეუჩერეს.

მას შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი განცხადებებს პრესრელიზების სახით აქვეყნებს, რომლებიც ამიერიდან ახალ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მომხმარებლები დონალდ ტრამპის ვებგვერდის მასალების გაზიარებას „ტვიტერში“ და „ფეისბუქში“ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანია „ფეისბუქის“ საზედამხედველო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაბლოკოს თუ არა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ. თუ დონალდ ტრამპს შეზღუდვას მოუხსნიან, „ფეისბუქს“ შვიდი დღე ექნება იმისთვის, რომ ყოფილ პრეზიდენტს სოციალური ქსელის ანგარიში აღუდგინოს.