“რუსეთი არც უკრაინასთან და არც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს. საბედნიეროდ ამერიკაც არ გეგმავს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერის შესუსტებას“, - ამის შესახებ Europetime-ს რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი ბილანიშვილმა განუცხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტს ივნისში გამართავს, როცა ევროპას ესტუმრება.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბილანიშვილი Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბაიდენი პუტინის შეხვედრის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, არსებითად არ შეიცვლება.
„ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებაში, ორივე ქვეყანას ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე რუსეთს. ორივე ამბობს, რომ შეუძლიათ რაღაც საკითხებზე ითანამშრომლონ, მიუხედავად ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობებისა. მაგალითად ასეთი საკითხი შეიძლება იყოს ბირთვული პროგრამა, ან მაღალი სიშორის რაკეტებზე შეთანხმება, რომელიც 5 წლით გააგრძელეს.
მაგრამ ის საკითხები, სადაც მათი პოზიციები განსხვავდება და ეს არის იგივე უკრაინის და საქართველოს საკითხი, დიდი ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. არ უნდა გვქონდეს ასე ვთქვათ პოზიტიური მოლოდინი, იმიტომ რომ ფაქტია, არც უკრაინასთან და არც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერჯერობით რუსეთი საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს. თავის მხრივ, საბედნიეროდ, აშშ-ც არ აპირებს უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერის შესუსტებას. გარიგებას არ უნდა ველოდოთ. უფრო უნდა ველოდოთ იმას, რომ რაღაც საკითხებზე, საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე, საერთო პოზიციებს მონახავენ. თუმცა ასეთი საკითხები, ჩემი აზრით, საკმაოდ მცირე იქნება. ბაიდენი პუტინის შეხვედრის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები არსებითად არ შეიცვლება, არც პოსტსაბჭოთა სივრცეში და არც ჩვენს რეგიონში არ შეიცვლება სიტუაცია“, - განაცხადა გიორგი ბილანიშვილმა, Europetime-თან ინტერვიუში, რომელიც სრულად მოგვიანებით გამოქვეყნდება.
აშშ-ის პრეზიდენტი 11-13 ივნისს, ბრიტანეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავს დასწრებას. ამის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და 14 ივნისს ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
რამდენიმე დღის წინ პუტინის მაღალი რანგის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრისთვის მზადება. მისი თქმით, შეხვედრის ვადებზე საუბრისას ლაპარაკია ივნისზე და რომ დასახელებულია კონკრეტული თარიღიც.