ვახტანგ გომელაური: მოპედით გადაადგილებისთვის მძღოლს მართვის მოწმობა დასჭირდება

მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობების აღება კუბატურის მიხედვით მოუწევთ. შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მოპედების გადაადგილება სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება.

„მათ ვერ ვაჯარიმებთ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. პირველ რიგში, ახლა მოხდება მოპედების დარეგისტრირება, ხოლო შემდეგ კუბატურის მიხედვით, მართვის მოწმობები ექნებათ ასაღები“, - განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილელების მიხედვით, რომლებიც პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის აღება დასჭირდებათ. მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები, როგორც მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარებიან სააგენტოში რეგისტრაციას, ხოლო ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის საჭირო გახდება AM კატეგორიის მართვის მოწმობა.