ღარიბაშვილი ალიევთან ვიზიტზე: განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხი. დიალოგი გაგრძელდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება

"ჩვენ განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხი. ა შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ საკითხებზე, რა საკითხებიც ვიზიტისას განიხილეს.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. ჩვენ ვართ მოტივირებულები, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად.

ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები. პრაქტიკულად, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება.

შევხვდი პარლამეტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრის. ჩვენ ასევე განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები. როგორ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა იგივე ინვესტიციების მიმართულებით, მითუმეტეს პანდემის შემდეგ. პანდემიამ ძალიან დააზარალა ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. შევეხეთ ტურიზმის საკითხს. მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან 2019 წელს, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი.

მოკლედ, ძალიან კარგი ტონალობით ვასრულებთ დღევანდელ ვიზიტს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში დაპატიჟა.